ადაპტირებული ანიმაციური ფილმები უსინათლო შშმ ბავშვებისათვის
“ყოველთვის იმის პრობლემა მქონდა, რომ არ ვიცოდი, რა ხდებოდა ფილმში მაშინ, როცა გმირები არ ლაპარაკობდნენ. დედას ვეკითხებოდი ხოლმე და ამ დროს სხვა ფრაზის მოსმენას ვეღარ ვასწრებდი. ახლა ყველაფერი გავიგე და ძალიან მომეწონა”– ანა სიხაშვილი, მცირემხედველი ბავშვი. უსინათლო და მცირემხედველი შშმ ბავშვებისათვის ანიმაციური ფილმების აღქმა საკმაოდ რთულია. მათ ესმით მხოლოდ მუსიკა და დიალოგი, ვერ ხედავენ ვიზუალურ გამოსახულებას და შესაბამისად, ვერ აფიქსირებენ ისეთ კადრებს, სადაც არ არის ხმოვანი ბგერები. “სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში ქართული ანიმაციური ფილმები აუდიო დესკრიპციული მეთოდით გახმოვანდება. საერთაშორისო გამოკვლევები ადასტურებენ, რომ მსგავსი პროექტები ეხმარება უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაში, შემეცნებაში, ღებულობენ ესთეტიურ სიამოვნებას, რაც ხელს უწყობს მათ, ჰქონდეთ ისეთი ბავშვობა, როგორიც სხვა ბავშვებს აქვთ. პრიორიტეტად მივიჩნიეთ ქართული პოპულარული, ანიმაციური ფილმების თარგმნა და ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველთათვის. პროექტის ფარგლებში ითარგმნება შვიდი ქართული ანიმაციური ფილმი, რომლის შემდეგაც ჩაიწერება ისინი დისკებზე და გადაეცემა ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის. ამჟამად სამი ქართული ანიმაციური ფილმი უკვე ადაპტირებულია.