განათლების ხელშეწყობა 21 Nov. 2014
Clock icon
2 წუთი წასაკითხად

ადგილი დაკავებულია – ეტლების აქცია რუსთაველის გამზირზე

ადგილი დაკავებულია – ეტლების აქცია რუსთაველის გამზირზე

“სიცოცხლის ხემ” დღეს რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი გამართა. დილის 9 საათიდან ეტლებმა ძმები კაკაბაძეების ქუჩის დასაწყისში სხვა მანქანების გასაჩერებელი ადგილები დაიკავეს, სამაგიეროდ თავისუფალი იყო შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკინგის ადგილი. შთამბეჭდავმა სანახაობამ, პარკინგზე ჩამწკრივებულმა ათეულობით ეტლმა მაშინვე მიიპყრო გამვლელების ყურადღება და პერფორმანსის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელის მეშვეობით. პრობლემა, რომელზეც ამ აქციით გვსურდა გაგვემახვილებინა ყურადღება, საკმაოდ მწვავეა. ხშირად ხდება ისე, რომ შშმ პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე ადგილი დაკავებულია, ან მანქანა პანდუსთანაა გაჩერებული, რის გამოც ეტლით მოსარგებლე პირისთვის მოძრაობა შეუძლებელი ხდება. მძღოლების რეაქცია ეტლების დანახვაზე არაერთგვაროვანი იყო. მათი ნაწილი ცდილობდა ნებისმიერი გზით დაეყენებინა მანქანა და ამისთვის, ერთადერთ თავისუფალ ადგილს, სპეციალურ საპარკინგე ადგილს იყენებდა. ნაწილი კი ინტერესს გამოხატავდა აქციის მიზნებთან დაკავშირებით. აქციამ BBC-ის ყურადღება მიიპყრო და ამ საკითხს სტატიაც მიეძღვნა. პერფორმანსის იდეისა და განხორციელების შესახებ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ 3 დეკემბერს, შშმ პირების უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, “ნანუკა ჟორჟოლიანის” შოუში.