ანაკლიის თემში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული სასწავლო გარემო შეიქმნა
სიცოცხლის ხის მიზანია უკეთესობისაკენ შეცვალოს გარემო, რომელშიც შშმ ბავშვები ცხოვრობენ დღეს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და მისი მიღწევა საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვუბიძგებთ ადამიანებს, შეცვალონ გარემო ლოკალურად, რადგან სწორედ ასე იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებები. “სიცოცხლის ხის” პირველი საგრანტო კონკურსში ერთ–ერთი პროექტი ანაკლიის სათემო ფონდმა ნეფამ წარადგინა. პროექტის მიზანი ადგილობრივი შშმ ბავშვებისათვის ცხოვრების გაუმჯობესება იყო. ბუნებრივია, რომ სკოლა, რომელშიც ეტლით მოსარგებლე ბავშვები დადიან, ადაპტირებული უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ შშმ ბავშვებს სწავლის პროცესში ხელი არ უნდა ეშლებოდეთ სათანადო სასწავლო პირობების არარსებობის გამო… თუმცა, სკოლის ადაპტაციაც და სპეციალური სასწავლო ინვენტარის შეძენაც თემისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, გრანტი მოეძიებინათ. სიცოცხლის ხის პროექტის ფარგლებში მოხდა ანაკლიის სკოლის ადაპტაცია. ფონდმა შშმ ბავშვებისთვის შეიძინა ადაპტირებული სამედიცინო მაგიდები და სხვა სასწავლო ინვენტარი. გარდა ამისა, ჩატარდა საგანმანათლებლო კამპანია: ანაკლიის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა და მასწავლებლებმა გაიარეს ტრენინგები შშმ პირების თემატიკაზე, ნაჩვენები იქნა ფილმი შშმ პირების შესახებ და მოეწყო დებატები თემის მოსახლეობის მონაწილეობით. ეს პროექტი ერთი მცირე მაგალითია იმისა, თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლიათ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს. დღეისთვის ანაკლიის თემში მცხოვრებ შშმ ბავშვებს შეუძლიათ თანატოლებთან ერთად დაესწრონ გაკვეთილებს.