ფონდმა სიცოცხლის ხემ რუსთავში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის რემონტი დააფინანსა
ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით სრულად გარემონტდა რუსთავის ბავშვთა სახლის საერთო ფართი, კეთილმოეწყო ეზო, შეიცვალა ავეჯი და შეიქმნა საგანმანათლებლო სივრცე. რუსთავის მცირე საოჯახო ტიპის სახლი ამჟამად 24-საათიან მომსახურებას უწევს 6-დან 18 წლამდე ასაკის 7 მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციარს. მომსახურებაში შედის კვებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, დასვენებასა და სეზონურ ტანსაცმელზე ზრუნვა. მცირე საოჯახო ტიპის სახლისთვის „საქართველოს ბანკის ფონდმა“ 2009 წელს შეიძინა ბინა, რომელიც კეთილმოეწყო და სრულად აღიჭურვა ინვენტარითა და ავეჯით. 2009 წლიდან დღემდე სახლში 17 მზრუნველობამოკლებული ბავშვი აღიზარდა. ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლს ოპერირებას უწევს ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”, მათი მიზანია ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაცია და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.