3 დეკემბერი – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე
1992 წლიდან მოყოლებული 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამდღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები (და არამარტო ისინი) სხვადასხვა ფორმით კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას საკუთარი უფლებების, შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობას, თანასწორობის იდეას, რომელიც ერთნაირად ღირებულია როგორც შშმ ადამიანებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის. მეხუთე წელია, რაც საქართველოშიც იმართება ღონისძიებები, რომლებიც შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრაციას ემსახურება. წელს სიცოცხლის ხემ რამდენიმე ასეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დღის პირველ ნახევარში ხელი მოეწერა ორმხრივ მემორანდუმს, რომელშიც დეველოპერული კომპანია m² და არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” მონაწილეობდნენ. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, დეველოპერული კომპანია m² შეიმუშავებს და სტანდარტის სახით დაამკვიდრებს, სამშენებლო პროექტების დაგეგმვის ეტაპზევე, ყველა კატეგორიის შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებას უნივერსალური დიზაინის ნორმალების დაცვით. აღნიშნული გეგმა შესაძლებელს გახდის, საცხოვრებელი თუ კომერციული ფართი დაიგეგმოს იმგვარად, რომ გარემო ბარიერებისაგან მაქსიმალურად თავისუფალი იყოს და მოერგოს ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას. დღესვე ფონდმა სიცოცხლის ხემ მონაწილეობა მიიღო გლდანის გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც შშმ ბავშვებს მიეძღვნა და მათ ერთ-ერთი საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული განმავითარებელი სახელმძღვანელოები გადასცა. ეს სახელმძღვანელოები დაეხმარებათ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში და გაუადვილებთ სწავლის პროცესს. დღესვე რუსთავი 2-ზე “სიცოცხლის ხის” აქციის – “ადგილი დაკავებულია” პრეზენტაციაც გაიმართება. აქციამ, რომელიც 21 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შშმ პირების მხარდასაჭერად გაიმართა, მაშინვე მიიპყრო მოქალაქეების ყურადღება. აქციის მიზანი იყო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო იმ თემაზე, რომ შშმ პირები ხშირად ვერ სარგებლობენ მათთვის გამოყოფილი პარკინგის ადგილითა და პანდუსებით სხვა ადამიანების დაუდევრობისა თუ გულგრილობის გამო. “ნანუკას შოუში” კონცეფციის ავტორები და ორგანიზატორები ისაუბრებენ იმაზე, როგორ გაჩნდა აქციის იდეა და მომავალში როგორ აპირებს “სიცოცხლის ხე” შშმ პირებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას.