“სიცოცხლის ხემ” საგრანტო პროექტის ფარგლებში ინკლუზიური სპექტაკლი “ჰელადოსი” აღადგინა
1 ივლისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლ “ჰელადოსის” პრემიერა შედგა. “ჰელადოსი” ხელოვნების საყმაწვილო ცენტრის, “ართ ჰოლის” თეატრალური წარმოდგენაა და მისი აღდგენა “სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. სცენაზე “ართ ჰოლის” სხვადასხვა თაობის აღსაზრდელები იდგნენ, რომელთა შორისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და დიაბეტით დაავადებული მოზარდებიც არიან. “ჰელადოსი” თავდაპირველად 2007 წელს დაიდგა და მიზნად ისახავდა შშმ და დიაბეტით დაავადებული მოზარდების შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენას. დროთა განმავლობაში მსახიობები გაიზარდნენ, მათი ჩანაცვლება კი ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რამაც წარმოდგენის სცენიდან გაქრობა გამოიწვია. “სიცოცხლის ხის” საგრანტო პროექტის ფარგლებში განახლდა დეკორაციები, კოსტიუმები, მუსიკალური მასალები და მომზადდა სპექტაკლის აფიშა. 4 ივლისს “ჰელადოსის” პრემიერა ქუთაისის დრამატულ თეატრში შედგება, 5 ივლისს კი ახალგაზრდა მსახიობები ბათუმის სახელმწიფო თეატრში გადაინაცვლებენ. დადგმული სპექტაკლი არ იქნება ერთჯერადი აქცია. პროექტის დასრულების შემდეგ “ჰელადოსი” მ.თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარის ნაწილი გახდება.