სიახლეები

04 ნოემბერი 2014

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სასწავლო კლასის მოდელი შეიქმნა

ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისწავლოს გარემოში, სადაც საკუთარი უნარების გამოვლენას მაქსიმალურად შეძლებს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სპეციალიზირებული სკოლები ინკლუზიური სწავლების განვითარების ხელშეწყობისთვის უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს. სწორედ ისინი ლიდერობენ ეფექტური სწავლების მეთოდიკის, ინდივიდუალური მიდგომების შემუშავების კუთხით. საქართველოს სპეციალიზირებული სკოლები ამჟამად ფორმირების პროცესშია და განსაკუთრებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის კუთხით. პირველ საგრანტო კონკურსში ქალაქ თბილისის 198–ე საჯარო სკოლამ შემოიტანა განაცხადი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თემას შეეხებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სპეციალიზირებულ ორ სკოლაში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საჭიროებებს უპასუხებდა. ინიციატივა პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა და განხორციელდა. 198–ე და მე–200 სკოლებში უკვე მიმდინარეობს სწავლა სპეციალური სასწავლო მოდელის მიხედვით. ბავშვებთან პედაგოგები მუშაობენ წინასწარ გაწერილი პროგრამით, რომელშიც გათვალისწინებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები. პროცესში აქტიურად არის ჩართული მშობელიც. საკლასო გარემო არასტანდარტულია: დგას რამდენიმე მაგიდა ჯგუფური მუშაობისთვის, ამასთანავე გამოყოფილია ცალკე კუთხე ჯგუფური მუშაობისთვის. კლასი სპეციალური ვიზუალური მასალებითაა აღჭურვილი. პროექტის ფარგლებში გამოიცა გზამკვლევიც, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს, აღმზრდელებს და პედაგოგებს გაუადვილებს ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების სწორად აღქმას, აღზრდისა და სწავლების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადალახვას. მომავალში აღნიშნული პილოტური პროექტი "აუტისტური კლასის მოდელი" საქართველოს სხვა სპეციალიზირებულ საჯარო სკოლებშიც განხორციელდება.