სიახლეები

07 ნოემბერი 2018

საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეექვსე - #TEDxTbilisi გაიმართება

6 ნოემბერი, 2018 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის მხარდაჭერით,  პირველად ქართული TEDx ფორმატის დაარსებიდან, TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi ერთად გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეექვსე წელია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია. საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით განათლების ხელშეწყობა.  #TEDxTbilisi და TEDxYouth@Tbilisi 2018 წლის 1 დეკემბერს, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება. ერთდღიანი კონფერენცია „თედექს“, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული ინტელექტუალური პლატფორმის, „თედის“ (TED) ნებართვითა და შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ადგილობრივად ორგანიზებული კონფერენცია.    TED-ის ტრადიციული ფორმატის შესაბამისად, 1 დეკემბრის  ღონისძიების თითოეული მომხსენებელის წინაშე იდგება საპასუხისმგებლო ამოცანა, აუდიტორიას წარუდგინონ მათი ინოვაციური იდეების  საუკეთესო პრეზენტაცია. სპიკერების მიზანი იქნება, მაქსიმუმ 18 წუთში დაარწმუნონ აუდიტორია საკუთარი იდეის/ხედვის ღირებულებაში; აანთონ მსმენელი იმ ენთუზიაზმით, რომელსაც თვითონ განიცდიან წარმოდგენილი საკითხის მიმართ. 6 სპიკერი, ინოვატორი, რომელსაც სხვებისათვის გასაზიარებელი საინტერესო იდეა ან ხედვა აქვს, წარსდგება 700 სტუმრისა და ბევრად მეტი ინტერნეტ მომხმარებლის წინაშე.  სპიკერების ვინაობა და მათი საუბრის თემები გასაჯაროვდება ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე. 2018 წლის ღონისძიებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყება 7 ნოემბრიდან ონლაინ პორტალის www.tkt.ge. მეშვეობით. ბილეთის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.  TEDx არის არაკომერციული ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი TED ბრენდის ლიცენზიის საფუძველზე მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქალაქში.  ის არის მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის არსებობა შესაძლებელი გახდა სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერით. სპონსორების მიერ გაღებული რესურსები და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად ხმარდება ღონისძიების საორგანიზაციო ასპექტებს,  სპიკერებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. საქართველოს ბანკთან ერთად 2018 წლის ღონისძიების ძირითადი პარნტნიორები არიან ივენთ კომპანია “პრემიუმ ივენთსი” და ივ. ჯავახიშილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი.    მოკლედ TED-ის შესახებ: TED არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისია სხვადასხვა სფეროში აღმოცენებული განსაკუთრებული და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. თედის პირველი, 4 დღიანი კონფერენცია 26 წლის წინ, კალიფორნიაში შედგა. დროთა განმავლობაში TED-ი მთელს მსოფლიოში პოპულარულ და ცნობად ფორუმად იქცა, რომელიც  კრეატიული ინიციატივების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და არაორდინარული იდეების გავრცელებას უწყობს ხელს. ამ მიზნისთვის, TED-ი მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და აკისრებს მათ 18 წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას. TED-ის ეგიდით გაკეთებული მოხსენებები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის ორგანიზაციის ვებ-გვერდის დახმარებით (www.TED.com.).  TED-ის კონფერენციების  მონაწილეთა შორის არიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიცაა ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი. ყოველწლიურად ”თედის” ორი ძირითადი ღონისძიება ეწყობა. საგაზაფხულო TED კონფერენცია კალიფორნიაში, ლონგ-ბიჩში და საზაფხულო ”თედ-გლობალ” კონფერენცია შოტლანდიაში, ედინბურგში.  მოკლედ TEDx ფორმატის შესახებ: TEDx გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელია, რომლის ზოგადი მიზანი არაორდინარული, საინტერესო, შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. TEDx არის TED საერთაშორისოდ სახელგანთქმული კონფერენციის ნებართვით,  ადგილობრივ დონეზე და ადგილობრივი ძალებით ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც TED-ის  ცნობილი კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს. TEDx საერთო ნიშანში მითითებული x სწორედ ამგვარად, დამოუკიდებლად ორგანიზებულ ”TED-ის” ღონისძიებაზე მიუთითებს. TED-ის ცნობილი ორგანიზაცია ზოგად ხელმძღვანელობასა და მონიტორინგს უწევს მთელს მსოფლიოში ლოკალურად ორგანიზებულ TEDx კონფერენციებს, თუმცა ამავდროულად, ცალკეული TEDx ღონისძიებები არსებითად დამოუკიდებელად  დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენენ. დღეისათვის მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტი TEDx ორგანიზაცია არსებობს. საამაყოა, რომ ამ ნოვატორულ და პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილს საქართველოც წარმოადგენს TEDxTbilisi-ით.