განათლების ხელშეწყობა 7 Sep. 2025

ფულბრაიტის სტიპენდია

ფულბრაიტის სტიპენდია

საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ აშშ-ში სწავლის გაგრძელება დღეს ისეთი წარმოუდგენელი რეალობა სულაც არ არის, როგორიც წლების წინ იყო. უფრო მეტიც, აშშ-ის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, სტიპენდიის მოპოვება და ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურებაც შესაძლებელია, თუ მიზანდასახული სტუდენტი ხარ. დღეს ამ მიზნების მიღწევის რეალური შანსი გაქვს, თუ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ.

ფულბრაიტი, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა. ფულბრაიტის პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, რომ აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა გააგრძელონ.

2023-2024 წლის ფულბრაიტის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი უკვე გამოცხადდა და მონაწილეობის მისაღებად პირველ აგვისტომდე ამ აპლიკაციის შევსებაა საჭირო. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. შევსებამდე, აპლიკაციის მოთხოვნებს და წესებს შეგიძლია გაეცნო.

იმისთვის, რომ შენ მიერ შევსებული აპლიკაცია სრულყოფილი იყოს, ზუსტად იცოდე რას მიაქციო ყურადღება და შეცდომები არ დაუშვა, ფულბრაიტის პროგრამის კოორდინატორ თეა კუჭუხიძეს გავესაუბრეთ. ამ ბლოგში გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორია აპლიკაციის შევსების პროცესი და როგორ შეგიძლია ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება.

ვის შეუძლია ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობის მიღება

ფულბრაიტის პროგრამა ღია კონკურსია, ამიტომ მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს. ამისთვის კი საჭიროა, კონკურსში მონაწილეობის მსურველს საბაკალავრო საფეხური დასრულებული ჰქონდეს ან მეოთხეკურსელი იყოს.

მეოთხეკურსელებს, რომლებიც პირველ აგვისტომდე დაასრულებენ საბაკალავრო საფეხურზე სწავლას, დიპლომის ნაცვლად ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობა შეუძლიათ წარადგინონ. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში უკვე სწავლობენ მაგისტრატურის საფეხურზე, თუმცა სურთ, რომ აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა თავიდან დაიწყონ.

Other Projects: