სიცოცხლის ხე
ფონდი „სიცოცხლის ხის“ სიმბოლო ის ცნობილი სიცოცხლის ხეა, რომელიც სხვადასხვა კულტურაში გვხდება.
სიცოცხლის ხე, როგორც სამყაროს მოდელი, კოსმიური სიმბოლოა, რომელიც აერთიანებს 3 კოსმიურ განზომილებას – ქვესკნელს, მიწასა და ცას. ბიბლიის მიხედვით, სამოთხის 4 მდინარე სიცოცხლის ხესთან იღებდა სათავეს და სასიცოცხლო ენერგია გადაჰქონდა სამყაროს ოთხივე კუთხეში. მეცნიერების მტკიცებით, სიცოცხლის ხის სიმბოლო ფართოდ გვხდება ქართულ ეკლესია-მონასტრებზეც. მის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევენ ჩიჩილაკსა და ჩირაღდანს. ქართული ეკლესიების გვერდით ხშირად ვხვდებით ასევე ნატვრის ხესაც, რომელიც, მეცნიერების აზრით, სიცოცხლის ხის სიმბოლოდან მომდინარეობს. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ბავშვის გაჩენასთან ერთად სიცოცხლის სიმბოლოდ დღესაც რგავენ ხეს.
ფონდი „სიცოცხლის ხე“, როგორც პლატფორმა, ხელს უწყობს საქართველოში იმ სოციალურ თემებზე მუშაობას, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანების როგორც აწმყო, ასევე მომავალი. აღნიშნული სიმბოლოს გაცოცხლებაც სწორედ ამ მისიას ემსახურება.